ზაფხულის არდადეგები ბავშვისთვის მხოლოდ დასვენების პერიოდი არ არის. ეს არის ფსიქოლოგიური განტვირთვის, ემოციური აღდგენისა და პიროვნული განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი. სწორედ ამ დროს ეძლევა ბავშვს შესაძლებლობა, სასწავლო წლის დატვირთვის შემდეგ ძალები აღიდგინოს, ახალი გამოცდილება მიიღოს და ინტერესების შესაბამისად განვითარდეს.
ფსიქოლოგები გვირჩევენ, ზაფხულის პერიოდში ბავშვი მკაცრი აკადემიური რეჟიმით არ გადავტვირთოთ. სასკოლო დღის წესრიგის უცვლელად შენარჩუნება საჭირო არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაში გარკვეული რუტინისა და წესების არსებობა, რაც ბავშვს სტაბილურობის განცდას უქმნის.
I ფაზა — განტვირთვის პერიოდი
სასწავლო წლის დასრულების შემდეგ პირველი 2–3 კვირა ბავშვისთვის ადაპტაციის პერიოდია. ეს დრო სასკოლო დაღლილობისა და სტრესის მოხსნას უნდა დაეთმოს.
ამ პერიოდში მნიშვნელოვანია:
- ბავშვს მივცეთ დასვენების უფლება;
- ვაცადოთ აკეთოს მხოლოდ ის, რაც მის ინტერესებსა და სურვილებს შეესაბამება;
- არ ვიჩქაროთ სასწავლო რეჟიმში დაბრუნება.
II ფაზა — აქტიური დასვენებისა და შემეცნების პერიოდი
განტვირთვის შემდეგ იწყება ახალი შთაბეჭდილებების, აღმოჩენების, შემეცნებითი განვითარებისა და თავგადასავლების ეტაპი.
ამ პერიოდში სასარგებლოა:
- მოგზაურობა;
- საზაფხულო ბანაკებში მონაწილეობა;
- ღირსშესანიშნაობების მონახულება.
შემეცნებითი განვითარება შესაძლებელია როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური აქტივობებით, მაგალითად:
- წიგნების კითხვა;
- კომიქსების შექმნა;
- ჩანაწერების წარმოება დღიურის სახით;
- ახალი ენის ან უნარის დაუფლება;
- სამაგიდო და როლური თამაშები;
- სპორტული აქტივობები;
- ბუნებაში პიკნიკი;
- "გაჯეტების" მიზნობრივად გამოყენება ინფორმაციის მოძიებისთვის, შემეცნებითი ფილმებისა და საგანმანათლებლო აპლიკაციების გამოყენებისთვის.
III ფაზა — სკოლისთვის ეტაპობრივი მომზადება
სასწავლო წლის დაწყებამდე მნიშვნელოვანია ბავშვი ეტაპობრივად დაუბრუნდეს სასკოლო რეჟიმსა და ყოველდღიურ რუტინას.
ამ პროცესში ყურადღება მიაქციეთ:
- ძილის ჰიგიენის მოწესრიგებას;
- "გაჯეტებთან" გატარებული დროის შემცირებას;
- ყოველდღიურად 20–30-წუთიანი რუტინული ან შემეცნებითი აქტივობის შესრულებას.
რეკომენდაციები მომზადებულია წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ფსიქოლოგების მიერ.